როგორ უნდა აირჩიო პროფესია IT სფეროში? – ყველაფერი ტექნოლოგიური სამყაროს მრავალფეროვან საწყისებზე
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფერო ყოველდღიურად უფრო და უფრო იკრებს ძალებს და სამყაროს „გაციფრულების“ ახალ-ახალ გზებს გვთავაზობს. ჩნდება ახალი პროფესიებიც, რომელთა შინაარსი ხშირად, ბუნდოვანია.
ამ ბლოგში თავისუფალი უნივერსიტეტის IT დირექტორი და სმარტ აკადემიის ლექტორი გიორგი ბასილაია მოგიყვება, რატომ, რისთვის და როგორ უნდა აირჩიო პროფესია IT მიმართულებით:
მოკლედ გიორგი ბასილაიას შესახებ
გიორგი ბასილაია 11 წელია სხვადასხვა სალექციო კურსს ატარებს შემდეგი მიმართულებებით: შესავალი მიკროელექტრონიკასა და რობოტიკაში, შესავალი საინფორმაციო ტექნოლოგიებში, პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა, პერსონალური კომპიუტერის სისტემური პროგრამები.
ამჟამად, მუშაობს აგრარულ უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტში, საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელად.
მანამდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის თანაავტორი და თანახელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი, საინფორმაციო სისტემების მართვის (DevOps) სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი და თანაავტორი. შემდეგ, BTU-ში, ჯერ ასოცირებული პროფესორის, შემდეგ სრული პროფესორის რანგში უძღვებოდა კურსებს: ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები, პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურა და ბოლოს, თავისუფალ უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული ლექტორი კითხულობდა კურსს – კომპიუტერული ქსელები.
-ინფორმაციული ტექნოლოგიების რომელი პროფესიებია განსაკუთრებით მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში?
საინფორმაციო ტექნოლოგიები ბევრ ძირითად მიმართულებასა და დამატებით ქვედარგს აერთიანებს. მათგან უმრავლესობა, რამდენიმე მიმართულების ცოდნას საჭიროებს ანუ გვაქვს გარკვეული იერარქიები, რომელთა გავლაც პროფესიის დაუფლებას ნიშნავს.
ეს ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა. უნდა გაითვალისწინო, რომ ტექნოლოგია, რომელსაც დაეუფლები, მუდმივად გამოყენებადი არ იქნება. ზოგადად, ტექნოლოგიების ცვლილების ციკლი 5-7 წელია. ამ პერიოდის შემდეგ, მას ახალი ანაცვლებს. შესაბამისად, არსებული ცოდნა მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კვალიფიციურ კადრად მიიჩნეოდე და დასაქმება შეძლო. იმისათვის, რომ არ ჩამორჩე ტექნოლოგიებს, საჭიროა ამ ყველაფრისთვის მუდმივად ფეხის აწყობა, ზოგჯერ კი რამდენიმე მიმართულების დაუფლება.
ტექნოლოგია რამდენიმე ტიპად შეიძლება დავყოთ: ტრენდული, სწრაფად განვითარებადი, შედარებით ახალი, მომავლის და წლების განმავლობაში გამოცდილი ანუ ოდნავ მოძველებული, მაგრამ სტაბილური.
ტრენდული ტექნოლოგიებია: DevSecOps, კიბერუსაფრთხოება, მანქანური სწავლება, ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, მეგამონაცემები – Big Data, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, IoT ანუ ნივთების ინტერნეტი, კვანტური გამოთვლები, რობოტული პროცესების ავტომატიზაცია.
უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტექნოლოგიები, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მიმართულებისა და ხელსაწყოს ცოდნას საჭიროებს.
-რა უნარებია მთავარი IT სფეროში წარმატების მისაღწევად?
უნარები, რომელიც საჭიროა სფეროში წარმატებისთვის, განსხვავდება მიმართულებების მიხედვით, მაგრამ მნიშვნელოვანია ადამიანს ჰქონდეს მუდმივი განვითარების სურვილი და სწრაფად ათვისების უნარი.
- იმის ფონზე, რომ სფერო მრავალფეროვანია, პროფესიის არჩევა რთულია. რა ხდება მაშინ, როცა სამომავლო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას არასწორად იღებენ?
რა თქმა უნდა, ხშირად, ხდება წინასწარი სურვილების არასწორი შეფასება. როცა რაღაც გვინდა, კარგად უნდა გავერკვეთ, თუ რა არის ეს და არ ვიხელმძღვანელოთ მეზობლის რჩევით, ფილმით ან ზოგადი ინფორმაციით, რადგან სფეროში ზოგადი თემები შეიძლება მალე ამოიწუროს, ხოლო ძირითადი საკითხები არცთუ ისე საინტერესო ან დაუძლეველი აღმოჩნდეს.
თუ დაინტერესებული ხარ სფეროთი, რომელიც რეალურად ბევრ განხრას მოიცავს, სწორად უნდა შეარჩიო საინტერესო მიმართულება, რადგან თუ ინტერესი გაგიქრება, შეიძლება ტექნოლოგიებზე მალევე თქვა უარი.
-თუ IT სფერო მაინტერესებს, როგორ უნდა მივხვდე, რომელი მიმართულება შემეფერება? საიდან უნდა დავიწყო, თუ საერთოდ არ მაქვს გამოცდილება?
საუკეთესო გზაა, გაეცნო სხვადასხვა ტექნოლოგიების საწყისებს. ამით წარმოდგენა შეგექმნება, თუ რასთან მოგიწევს ურთიერთობა და მუშაობა.
ამის შემდეგ, შეძლებ იმის გააზრებას, თუ რა მიმართულება გიზიდავს და სად ხედავ შენს თავს.
სმარტ აკადემიაში, ჩემი კურსის – ინფორმაციულ ტექნოლოგიების საფუძვლების მიზანი სწორედ ესაა – IT მიმართულებით დაინტერესებული პირის ინფორმირება, რათა მისთვის შესაფერისი გზის არჩევა და მაგ კუთხით განვითარება შეძლოს. ამ კურსის გავლის შემდეგ კი, ის გარკვეულწილად მოემზადება და საბაზისო ცოდნასაც მიიღებს.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა