მარკეტინგის როლი მუსიკალურ ინდუსტრიაში
მუსიკალურ ინდუსტრიაში ადგილის მოპოვებაზე რთული, მისი შენარჩუნებაა. ემინემი და ქანიე ვესთი არიან ეპოქალური არტისტები, რომლებიც მესამე დეკადაა, რაც რელევანტურობას ინარჩუნებენ. როდესაც საქმე ალბომის გაყიდვებს ეხება, რთულია იწინასწარმეტყველო რამდენად წარმატებული იქნება იგი კომერციულად. რეპერების შემთხვევა კი ნათლად გვაჩვენებს, რა როლი უკავია სწორ მარკეტინგს ისეთი პროდუქტის გაყიდვისას, რომელიც მუსიკალურ შემოქმედებასთანაა დაკავშირებული.
ალბომის გამოშვება ყოველგვარი პიარის გარეშე, როგორც მარკეტინგული ხრიკი
ოფიციალური მონაცემებით ემინემი გასული დეკადის ყველაზე გაყიდვადი ჰიპ-ჰოპ არტისტია. თუმცა, ხსენებულ ათწლეულში, მუსიკოსს ჰქონდა ჩავარდნა, რომელიც მისი ალბომების გაყიდვებზეც აისახა. 2017 წელს, 4 წლიანი პაუზის შემდეგ გამოშვებული ალბომის გამო, რეპერი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ალბომის გამოშვებას წინ უძღოდა მრავალი სარეკლამო რგოლი და ძვირადღირებული პოსტერები უდიდესი ქალაქების მთავარ ქუჩებზე. არტისტისთვის სამწუხაროდ, ალბომი ვერც გაყიდვების მხრივ გამოდგა წარმატებული და ვერც მსმენელთა სიმპათია დაიმსახურა.
1 წლის შემდეგ, ემინემმა ყოველგვარი პრომოუშენის გარეშე გამოუშვა ალბომი, რომლის შესახებაც გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში დადებული პოსტით აუწყა, სათაურით - “ვცადე ამაზე ბევრი არ მეფიქრა”. რეპერის მიერ გამოშვებული მოულოდნელი ალბომის შესახებ ინფორმაცია მთელს ინტერნეტს მოედო. შედეგად, მხოლოდ ამერიკაში, პირველ კვირაში ალბომის 457 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და რეპერი ბილბორდის სიის სათავეში მოექცა. როგორც მოგვიანებით არტისტმა აღნიშნა, მსმენელის რეაქციაზე დაკვირვებით დაასკვნა, რომ წინასწარი პრომოუშენი მათზე ცუდ გავლენას ახდენდა, რადგან ალბომის შესახებ აზრს მის გამოსვლამდე იყალიბებდნენ. წინასწარი ინფორმაციის გარეშე გამოსულ ალბომზე აზრის დასაფიქსირებლად კი მათ პირველ რიგში ალბომის მოსმენა დასჭირდებოდათ.
მოულოდნელობის ეფექტმა ალბომზე ინტერესი გაზარდა - მარკეტინგულმა ხრიკმა გაამართლა. გაყიდვები წინა ალბომთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა.
ალბომის რელიზის რამდენჯერმე გადადება
მიმდინარე წლის ერთ-ერთ მთავარ მუსიკალურ მოვლენად ქანიე ვესთის ალბომი და მასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ითვლება. კონტროვერსიული დეტალების გარდა, ალბომის წინა-სარელიზო პერიოდიდან, დასამახსოვრებელი მისი მრავალჯერ გადადების ფაქტი იყო.
ალბომის გამოსვლის თარიღად თავდაპირველად 6 აგვისტო იქნა მითითებული. 5 აგვისტოს მუსიკალურ პლატფორმებზე ალბომის ტრეკლისტის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა, ალბომის გამოსვლის ახალ თარიღად კი 27 აგვისტო დასახელდა. ამ ყველაფერს თან ერთოდა ლისენინგ ფართები, სადაც ალბომში შესული სიმღერები ჟღერდებოდა. ქანიეს ხრიკი, მუდამ აფდეითების მიღების სურვილში ამყოფებდა მსმენელს.
27 აგვისტოს, ალბომის გაყიდვაში კვლავ არ ჩაშვებით, გაჩნდა განცდა, თითქოს ალბომთან დაკავშირებული ინტერესი იკლებდა, თუმცა საბოლოოდ, როდესაც 29 აგვისტოს მისი გამოშვების დრო დადგა, მთელი მუსიკალური სამყარო აღნიშნულ მოვლენაზე ალაპარაკდა. ჩიკაგოელი რეპერის ალბომმა ბილბორდის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა 310 000-მდე გაყიდული ეგზემპლარით (დაახლოებით 50 000-ით მეტი, წინა ალბომთან შედარებით) და ქანიემ მოახერხა ემინემის შედეგის გამეორება, რაც ზედიზედ მეათედ მოხვედრას გულისხმობდა სიის სათავეში.
ნახსენები 2 მაგალითი ნათლად გვიჩვენებს სწორი მარკეტინგული გათვლების მნიშვნელობას, როდესაც საქმე ისეთ პოპულარულ სფეროს ეხება, როგორიც მუსიკალური ინდუსტრიაა.
მარკეტინგის შესწავლა სმარტ აკადემიაშია შესაძლებელი. კურსების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე.